მე-2 თვე

ჩანასახის განვითარება ორსულობის მეორე თვეს

მეხუთე კვირა – თქვენი პატარა ისევ ძალიან მცირე ზომისაა,  თუმცა ამ პერიოდში იწყება ზურგის ტივინის, კუნთების, ძვლების, გულის და სხვა შინაგანი ორგანოების განვითარება.  ვითარდება პლაცენტა და  ამნიონის ბუშტი. ამნიონის ბუშტი უზრუნველყოფს იმას, რომ პატარა კომფორტულ და თბილ გარემოში იყოს, ადვილად იმოძრაოს თხევად გარემოში.  ამ პერიოდისთვის ვითარდება ჭიპლარიც.

მეექვსე კვირა  -  ემბრიონი ამ დროს თავკომბალას ემსგავსება,  თვალები და კიდურები იწყებს განვითარებას,  ამ პერიოდში  ულტრაბგერითი მოწყობილობით შესაძლებელია გულის ცემის მოსმენაც.

მეშვიდე კვირა – პატარას კიდევ უფრო ეზრდება კიდურები,  შინაგანი ორგანოები განაგრძობენ ზრდას, ზურგის ტვინი ყალიბდება, იკვეთება თვალები, პირი და ცხვირი.

მერვე კვირა -  თქვენი პატარა უკვე განვითარების  მე-6 კვირას ასრულებს. რადგან ორსულობა ითვლება ბოლო მენსტრუაციიდან და არა იმ დღიდან როდესაც ჩასახვა მოხდა).  მეტად ვითარდება სხვადასხვა ორგანოები, პატარას  უვითარდება ხელების და ფეხების თითები, თითებს შორის აპკებია, ისე, როგორც პატარა ლასტები : ).

ორსულობის მეორე თვე დედისთვის

  ქალში ორსულობისთვის სახასიათო ნიშნები და ცვლილებები ნელ-ნელა იკვეთება.  მეორე თვიდან ხშირად იმატებს ნერწყვდენა (სალივაცია), რაც ნორმალური მოვლენაა და ასოცირებულია ჰორმონულ მდგომარეობასთან,  ძლიერდება წყურვილის გრძნობა,  ორგანიზმს სჭირდება მეტი სითხე ჩანასახის განვითარებისთვის, ამნიონის სითხის შესავსებად, შესაბამისად ამ პერიოდისთვის გაძლიერბული წყურვილის გრძნობა ნორმალური  მოვლენაა.

გამონადენი საშოდან -  მეორე თვისთვის საშოდან გამონადენს შეიძლება შეეცვალოს ფერი,  გახდეს მეტად ბლანტი და უხვი.  ეს გამონადენი დაკავშირებულია საშოს კედლების ორსულობასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან და სრულიად ნორმალურია, თუმცა თუ საშოდან გამონადენმა შეიძინა უსიამოვნო სუნი, და/ან გამოიკვეთა საშოს წვა, ქავილი, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგთან ამ საკითხზე დამატებით კონსულტაცია, ვინაიდან შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი ან სხვა ინფექცია, შესაბამისად ეს პრობლემა მოსაგვარებადია.

მუცლის (საშვილოსნოს) მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება და/ან ტკივილი – საშვილოსნოში დისკომფორტის შეგრძნება ამ პპერიოდისთვის თან ახლავს საშვილოსნოს გადიდებას და განვითარებას, ემბრიონის ზრდასთან ერთად იზრდება საშვილოსნოც რათა მეტი ადგილი ჰქონდეს პატარას, შესაბამისად უსიამოვნო გრძნობა მუცლის ქვედა ნაწილში შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი სახის მუცლის ტკივილი ამ მოვლენაზე არ მიუთითებს.

დედა მეორე თვის ბოლოსთვის უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მის სხეულში გარეგნულადაც დაიწყება მთელი რიგი პროცესები, ამ დროისთვის ემბრიონი უკვე სამი სანტიმეტრია.

წელის გარშემოწერილობა იზრდება,  ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი საორსულე ფორმების შეძენა,  თუმცა შეიძლება იგრძნოთ, რომ ტანსაცმლის ნაწილი მჭიდროდ გაქვთ.   მკერდი შეიძლება იყოს შეშუპებული, ან მტკივნეული, ეს მოვლენები პირველ თვესაც შეიძლება ახლდეს თან.  კანი შეიძლება იყოს მცირედ გამომშრალი, ფეხები ცოტათი შეშუპებული.  ეს ცვლილებები, როგორც წესი უცხოებისთვის შეუმჩნეველია.

 

ამ პერიოდისთვის და მთელი ორსულობის განმავლობაში რეკომენდირებულია ჯანსაღი კვება. სასურველია ბოსტნეული დიდი ოდენობით, მწვანე მცენარეები, ხილის მიღება,  კვერცხი, თევზი, სტაფილო, პომიდორი, თხილეულობა, საკმაოდ სასარგებლო პროდუქტებია ორსულისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასათვალისწინებელია ალერგიულობა (თუ ორსული ალერგიულია არ შეიძლება იმ საკვების მიღება რაზეც ალერგია აქვს, ან თვითონ საკვები მიეკუთვნება ალერგიულ პროდუქტს მაგ. თხილეულობა, შოკოლადი, კვერცხი და ა.შ.).

ორსული ამ პერიოდისთვის შეიძლება განიცდიდეს ხასიათის სწრაფ ცვლილებას, რაც ნორმალურია და ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში.  ორსულისთვის ოჯახისწევრების მხარდაჭერას და მისთვის კომფორტის და სიმშვიდის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს დედის და შვილის კარგადყოფნისთვის.

ამ პერიოდისთვის მკერდი იზრდება ზომაში, შესაბამისად ქალს სჭირდება უფრო დიდი ზომის ლიფი რათა თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდეს თავს, ეს ხელს შეუწყობს ტკივილის ინტენსივობის დაქვეითებაშიც.

გრიპი და ინფექციები  – ამ პერიოდში  განსაკუთრებით ეცადოთ თავიდან აიცილოთ გაციება და გრიპი.  პროფილაქტიკის საშუალებებია: ხელების საპნით ხშირად დაბანვა,  თბილი წყლის გამოყენება, სახლში(სითბოში) მეტი დროის გატარება (გრიპების პერიოდში). ცხვირის სპრეიების გამოყენება  ცხვირში გაჭედვის თავიდან ასაცილებლად (საჭიროების შემთხვევაში).

კვება -  ეცადეთ თავიდან აირიდოთ ისეთ საკვები რაც გააძლიერებს ან ხელშეუწყობს გულძმარვას: შოკოლადი,   გაზიანი სასმელები, კოფეინის შემცველი სასმელები და ა.შ.

აუცილებელია რეგულარული კვება,  ბოჭკოვანი საკვების ჭამა რეკომენდირებულია შეკრულობის (კონსტიპაციის) თავიდან ასაცილებლად, ასევე კარგია წვნიანი საკვების მიღება, იგივე მიზეზით.  კონსტიპაციას ორსულობაში იწვევს ჰორმონები და საშვილოსნოს და ნაყოფის ზრდა,   ქალების ერთ-მესამედს აწუხებს ორსულობაში შეკრულობა.

კანზე ზრუნვა – საპონის ხშირად გამოყენებამ, შეიძლება გამოაშროს კანი, ამიტომ სასურველია   დამატენიანებელი კრემების გამოყენება. კანზე აკნეს საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატების გამოყენება სასურველი არ არის.

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ  ორსულობის ამ პერიოდში სასურველია მეტი დასვენება, მეტი ძილი მეტი სიმშვიდე და კომფორტი, რათა პატარას განვითარების მეტად კრიტიკული პერიოდი წარმატებით და ზედმეტი პრობლემების გარეშე  წარიმართოს.

Leave a Reply