ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ

სამშობიარო სახლში ყველა ქალი იღებს რეკომენდაციებს ჰიგიენის დაცვისა და თავის მოვლის შესახებ. სახლში გამოწერის პირველი დღე ქალმა უნდა გაატაროს საწოლში. ოთახი უნდა იყოს კარგად დასუფთავებული და განიავებული.

იმისთვის, რომ მშობიარობის შემდგომ ინფექციას თავი აარიდოს ქალმა და აღიდგინოს ძალები, აუცილებელია პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის დაცვა ზედმიწევნით კარგად. სამშობიაროდან გამოწერითანავე ქალმა უნდა დაიბანოს შხაპის ქვეშ და შემდეგ დღეებშიც ასე უნდა მოიქცეს. აბაზანაში ჩაწოლა და აბანოში წასვლა ნებადართულია მხოლოდ 2 თვის შემდეგ.

გარეთა სასქესო ორგანოების დაბანა უნდა მოხდეს არანაკლებ 3-ჯერ დღეში თბილი წყლით, გასამშრალებლად კი გამოიყენოს ცალკე ამ პროცედურისთვის გამოყოფილი პირსახოცით. შიგნითა თეთრეული ქალმა უნდა გამოიცვალოს ყოველდღიურად, საწოლის – ყოველკვირეულად.

მშობიარობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხშირი გართულება არის სარძევე ჯირკვლის ანთება – მასტიტი.

მასტიტი უხშირესად ვითარდება დვრილებზე არსებულ ნახეთქებში მიკრობების შეჭრით. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს გამონადენი, ცუდად დაბანილი ხელები, ჭუჭყიანი თეთრეული, არასაკმარისად გასუფთავებული საწველი აპარატი და სხვა. მასტიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • ყოველი კვების წინ ხელები და მკერდი ქალმა უნდა დაიბანოს საპნით;
  • ბავშვის კვება უნდა მოხდეს მჯდომარე პოზიციაში, ბავშვს პირში უნდა ჰქონდეს დვრილის გარდა დვრილის ახლო უბანიც;
  • კვების შემდეგ აუცილებელია დარჩენილი რძის გამოწველა. ეს არა მხოლოდ ხელ უშლის რძის დაგუბებას, არამედ აძლიერებს ლაქტაციასაც;
  • ჩვილის კვება უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 15-20 წუთისა – ამ დროში ჩვილი გამოწოვს მისთვის საკმარის რძეს, მეტი დრო წოვა კი ხელს შეუწყობს ნახეთქების გაჩენას;
  • ნახეთქების პროფილაქტიკისთვის კარგია ჰაეროვანი აბაზანები მკერდისთის (დღეში 2-ჯერ ჩვილის კვების შემდეგ 5-10 წუთით);
  • მკერდის გამკვრივების, ან ტკივილის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ნამშობიარევი ქალი უნდა იკვებებოდეს კარგად, მაგრამ არ უნდა ჭამოს ძალიან ბევრი, რომ არ გადაიტვირთოს მისი ორგანიზმი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

სახლის საქმეებში ნამშობიარევი ქალი უნდა ჩაერთოს ნელ-ნელა. ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროს აუცილებელია დრო და დრო დასვენება. ძილის საშუალოდ უნდა შეადგენდეს 6-8 საათს. თუკი არის საშუალება დღის განმავლობაში მისთვის სასარგებლო იქნება 1-1,5 სთ-ით დაძინება.

სხეულის გაკაჟებისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი. პირველი ხანმოკლე გასეირნება შეიძლება სამშობიაროდან გამოწერის მე-2-3 დღეს.

მშობიარობის შემდეგ ფიგურისა და ტონუსის, განსაკუთრებით მუცლის პრესის, დასაბრუნებლად აუცილებელია ვარჯიში. მისი ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-25 წთ. ვარჯიშის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება.

სამშობიაროდან გამოწერის მე-10-12 დღეს აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. განმეორებითი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს მე-6-8 კვირაზე. ვიზიტზე უნდა შეირჩეს კონტრაცეფციის მეთოდი, რადგან ამ პერიოდიდან ნებადართულია სექსუალური ცხოვრება.

Leave a Reply